გია იაშვილი

       გია იაშვილი უკვე 20 წელზე მეტია, რაც სოლო-საკონცერტო  მოღვაწეობას ეწევა ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში.  2006-2011 წ.წ. მაესტრო ლორინ მაზელის მიწვევით იყო ვალენსიის საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი, რომელსაც ასევე ხელმძღვანელობდა მაესტრო ზუბინ მეტა. ამჟამად გია პეკინის სიმფონიური ორკესტრის მოწვეული კონცერტმაისტერია.

იგი ცნობილი საერთაშორისო ფესტივალების ხშირი სტუმარია (Schleswig Holstein Festival, Verbier Festival, Festival di Roma, Santander Festival). 

მოღვაწეობს საქვეყნოდ ცნობილ მუსიკოსებთან: იო-იო-მა,  ჯოშუა ბელი, მარტა არგერიხი, ლორინ მააზელი, კლაუდიო აბადო, ნიგელ კენედი, მიშა მაისკი, ირვი გიტლისი და სხვები.

გია იაშვილი, სახელოვანი მევიოლინეს -  ნანა იაშვილის ვაჟი,  10 წლამდე იზრდებოდა საქართველოში. მისი პირველი პედაგოგები დედა და ბაბუა იყვნენ. ბაბუამ, ლუარსაბ იაშვილმა ის ქართული ტრადიციებით აღზარდა. გია დიდ დროს ატარებდა ბაბუასთან ერთად საჩხერის რაიონ სოფელ არგვეთში. თავის კუთხისადმი სიყვარული მისთვის მთელი ცხოვრების კრედოდ იქცა. 2011 წელს მან დააარსა ხელოვნების საერთაშორისო ფონდი „არგვეთი“, ხოლო  საზღვარგარეთ საკონცერტო სცენაზე, იგი ხშირად  ჩოხა-ახალუხში გამოდის.

გიამ მუსიკალური განათლება ავსტრიაში,  პროფესორ ზახარ ბრონთან  მიიღო. მას შემდეგ იგი საუკეთესო დირიჟორებსა და ორკესტრებთან ერთად გამოდის მთელს მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გია იაშვილი  მიწვეული იყო მაესტრო კლაუდიო აბადოს მიერ საერთაშორისო პროექტში -” აბადო და მისი მეგობრები” მონაწილეობისთვის. პროექტი ჩატარდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც გამოჩენილ სოლისტებთან (მათ შორის მარტა არგერიხი) ერთად გიაც მონაწილეობდა.

გია პარალელურად აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. იგი ხშირად ატარებს მასტერ-კლასებს გერმანიაში, იტალიაში, იაპონიაში, ჩინეთში, სინგაპურში.